ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და
პოლიტიკოსები საქართველოში რუსი დეპუტატის სტუმრობას
გააპროტესტებენ.
აქცია 14:00 საათზე მერიის წინ არის დაგეგმილი.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით,
საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე
სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. სერგეი გავრილოვი
პარლამენტში იმყოფებოდა, ის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი
კობახიძის სავარძელში ჩაჯდა, საიდანაც ასამბლეას უძღვებოდა.
ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ
ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის
სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის
სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა
და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ
დაუშვებდნენ. ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა,
რომ სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს
ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
შენგელია. მისი თქმით, რეალობა არის სამწუხარო.
"არ არის მარტივი ხედავდე რუსეთის
დუმის დეპუტატს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების
მიმღებ ადგილზე. ამ ფაქტის დაგმობა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა", -
წერს ირაკლი შენგელია.
საქართველოში ცამოსულ რუსეთის
დელეგაციას მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა. ოპოზიცია კი
ანსამბლეას ბოიკოტს უცხადებს.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი კომუნისტური
პარტიის წევრია. გავრილოვი 1966 წელს ტულაში დაიბადა. 1989
წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი დაამთავრა და 90-იან წლებში რამდენჯერმე
სცადა პარლამენტში მოხვედრა, თუმცა უშედეგოდ. მას მესამე
მცდელობისას გაუმართლა და 2007 წელს დუმის დეპუტატი
გახდა.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას
აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები