ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #62-ში მცხოვრები იულია ლანჩავა წელიწადზე მეტია მის მეზობლად სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.
იულია ლანჩავა ამბობს, რომ ადგილზე ნიადაგის კვლევაც არ
ჩატარებულა და მშენებლობის ნებართვა ყალბი გეოლოგიური დასკვნის
საფუძველზე გაიცა. რამდენიმე დღის წინ კი მდინარის ნაპირზე ჯებირი
ჩამოიშალა, რაც, მისი თქმის, კიდევ ერთხელ ადასტურებს
იმას, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა.
ჩამონგრეული ჯებირი სასტუმროს სამშენებლო
ტერიტორიაზე
მშენებარე სასტუმრო წერეთლის ქუჩა
#62-ში
პროტესტის პარალელურად, იულია ლანჩავა მშენებლობის მეპატრონის, ვარლამ
მეტრეველის წინააღმდეგ სასამართლოშიც იბრძვის, თუმცა, მისი თქმით,
პროცესი შეგნებულად ჭიანურდება.
წერეთლის ქუჩა #62-ში სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ამის მიუხედავად, იულია ამბობს, რომ სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე იბრძოლებს და საქმეს უზენაეს სასამართლომდე მიიტანს.
„სახლში უკვე დაიბზარა კედლები. გახსნილია აბაზანის და მისაღების
კედელი. გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ 6 მეტრიანი ჭაბურღილები
გააკეთეს ნიადაგის გამოსაკვლევად, თუმცა, ის მანქანა, რომელიც
დასკვნაშია მითითებული, ფიზიკურად ვერ შემოეტეოდა ეზოში.
მეორეც, მე ამას აუცილებლად დავინახავდი. არავითარი 6 მეტრიანი
ჭაბურღილები არ გაუკეთებიათ, დასკვნა არის ყალბი. ამ უკანონობას კი
ქუთაისის მერია მფარველობს. მეტრეველს უთქვამს, კედლებს გავულესავ და
დამშვიდდებაო. დანგრეულ კედლებს გალესვა არ შველის. უნდა აღდგეს
სამართლიანობა და თუ სამართალი მოითხოვს სასტუმროს დემონტაჟს, ასეც
უნდა მოხდეს. გარდა ამისა, მეტრეველმა უნდა ამინაზღაუროს მიყენებული
ზიანი“,-ამბობს იულია ლანჩავა.
მისი თქმით, ეჭვი აქვს, რომ მეტრეველს ქუთაისის მერიაში მფარველობენ,
რადგან არც ქალაქის მერი და არც ზედამხედველობის სამსახური
დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენს.
სასტუმროს მეპატრონე, ვარლამ მეტრეველი სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს. რამდენიმე თვის წინ მან ჩვენთან საუბარში განაცხადა,
რომ მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობს, იულია ლანჩავას კი
მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს.
იგივეს ამბობენ ქუთაისის მერიაშიც. მერიის ზედამხედველობის
სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესი შეამოწმეს და
სამუშაოები კანონის მიხედვით მიმდინარეობს.
წერეთლის #62-ში სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობა გასული წლის
თებერვალში დაიწყო. რა ხარვეზებით მიმდინარეობდა მშენებლობა,
დეტალურად ნახეთ
აქ:
ამავე
თემაზე:
შეცვლილი პროექტი და სადავო გეოლოგიური
დასკვნა - მერიას სასამართლოში
უჩივიან
მასალის გამოყენების პირობები