ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა მე-3 დღეა შრომის
პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა.
მათ მე-3 დღეა შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა
პარალიზებული აქვთ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, შპს ,,ჩინეთის გზებისა
და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული
სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშების უკმაყოფილების მთავარი
მიზეზი გახდა.
"პროფკავშირი მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“-ს ,
სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით,
ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის
მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე,
მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება", -
აცხადებენ პროფკავშირში.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა და გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფმა,
დღეს ერთობლივად დაგეგმეს სამოქმედო ნაბიჯები.
ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი
მასალის გამოყენების პირობები