იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციით ცნობით, ხარაგაულში სტიქიის შედეგად
მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს,
თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.
როგორც გუბერნიაში აცხადებენ, კომისიას ზარალის დათვლა არ
დაუსრულებია.
"ზარალის დათვლის პარალელურად, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან
დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად
მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 2 სოფლის მოსახლეობა
ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული
მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა, შლამისგან გაწმენდილია სოფელ
ლეღვნიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და
სანიაღვრე არხები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე
ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე ხვდებოდნენ დაზარალებულ
მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლებლობის
ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ," - აცხადებენ იმერეთის
გუბერნიაში.
მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი
ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.
ხარაგაულში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ლევნულა ადიდდა. წყლის
ნაკადმა საავტომობილო გზა წაიღო და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე
სამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა
სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების
შედეგად, წყალმა ჩაანგრია სოფელში შესასვლელი გზა. მოვარდნილმა წყალმა
გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.
მასალის გამოყენების პირობები