ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის მე-10
და 32-ე საჯარო სკოლები დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
იმერეთის რეგიონში, სულ 18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
განხორციელდება, აქედან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს. საქართველოს
მთავრობა თანადაფინანსების სახით ახორციელებს სკოლების ეზოს
რეაბილიტაციას, სკოლის აღჭურვას კომპიუტერული ტექნიკით, ინვენტარითა
და ავეჯით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო კი დამატებით აფინანსებს
საჯარო სკოლების თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით
აღჭურვას. ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ადგილიბრივი თვითმმართველობის,
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან, ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტ ენტონი ველჩერთან, ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯენერ
ედელმანთან ერთად დაესწრო.
საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2015
წლიდან დღემდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 საჯარო სკოლას
საქართველოს რეგიონებში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოსა და კახეთის სკოლებში (სულ 13
სკოლა). საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა,
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ
დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის
კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი.
პროექტის შედეგად 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება
სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში.
მასალის გამოყენების პირობები