გეგუთის ციხეში ცემით მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის საქმის სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.
გიორგი გოგინავამ სასამართლოზე პროკურატურიდან მოპოვებული მასალები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, გამამართლებელი განაჩენის საფუძველია.
ადვოკატმა პროკურატურის მასალების საქმეზე დართვა მოითხოვა,
თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლეების უარმა მსჯავრდებული შოთა შანიძე გააღიზიანა და
მან პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. მსჯავრდებულის
ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის
აცილებას მოითხოვს.
„სასამართლომ ამ შემადგენლობით გამამართლებელი განაჩენიც რომ
გამოიტანოს, მათი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური, რადგან ისინი
უარს ამბობენ ამ მტკიცებულებების გაცნობაზე. პროკურატურას უკვე
გამოვლენილი და დადგენილი ჰყავს რეალური დამნაშავეები, თუმცა,
საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ. თუ მათაც უნდათ, რომ ჩაყვნენ ამ საქმეს,
მათი ნებაა“, - ამბობს გიორგი გოგინავა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესი 28 ივნისს
ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
დასკვნითი სიტყვის უფლებით უკვე ისარგებლა მსჯავრდებულმა შოთა
შანიძემ. მან დეტალურად გაიხსენა 2014 წლის 4 მარტს, გეგუთის
ციხის საკანში მომხდარი ჩხუბი, რომლის შედეგადაც 24 წლის გიგა
ფარტენაძე გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
მისი თქმით, საკანში დაპირისპირება ფარტენაძესა და ერთ–ერთ პატიმარს, ახლა უკვე საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი სეხნიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ციხის ადმინისტრაციამ საკანში ე.წ. მაყურებლები გოჩა აბზიანიძე და ლაშა ჭკადუა შეუშვა, რომლებმაც ფარტენაძეს სასიკვდილოდ სცემეს. შანიძის თქმით, პატიმრის ცემაში მონაწილეობდნენ გიორგი სეხნიაშვილი და მესამე მსჯავრდებული, ლევან მოისწრაფიშვილი. თავად კი ფარტენაძე არ უცემია.
მსჯავრდებულმა პროცესზე ციხეში არსებულ სისტემურ დანაშაულზეც ისაუბრა.
მისი თქმით, გამოძიებამ ხელი დააფარა საქმეში მონაწილე სხვა დამნაშავე
პირებს. არ დასაჯა არც ციხის ადმინისტრაცია, რომლებმაც
ღამის საათებში საკანში, სადაც მკვლელობა მოხდა, ე.წ. მაყურებლები
შეუშვა.
შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. მისი თქმით,
მან ბოლომდე ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, სანაცვლოდ ზეწოლა
და დაშინება მიიღო.
შანიძემ პროცესზე მის მიმართ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით
ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს
და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.
24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით
მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, საკანში მყოფ მსჯავრდებულებს:
შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა
ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და
მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან
გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად
ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის,
კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის
იატაკზე არტყმევინებდნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9
და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე:
მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა,
კვლავ უგონო მდგომარეობაშია
გეგუთის
ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა
სცადა
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა
ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა
წარმოთქვა
მასალის გამოყენების პირობები