ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა
კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები ითხოვენ, შეუწყდეს უფლებამოსილება ქუთაისის
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ნანა კოსტავას.
"ქართული
ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ
Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო
გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" ანალოგიური
სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის
შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. -ვინც ზნეობის სადარაჯოზე
არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად"
წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის
გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.
ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები
და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და
დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას" - აღნიშნულია
პეტიციაში, რომლის ადრესატი საქართველოს
მთავრობაა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე,
ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს საკრებულო დატოვოს უმრავლესობის
დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, მის მიერ დაწერილი
პოსტის გამო.
თავის მხრივ, დეპუტატი ნანა კოსტავა
აცხადებს, რომ უფლებამოსილების
შეწყვეტას არ აპირებს. "რადგან მართალი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი
ხალხის და სალომე ბარკერის წინაშე. ეს იყო უბრალოდ იმის
დანაშაული, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი ბოლომდე (ტრაგედიის
შესახებ რედ.) მე თვითონ, ჩემით არაფერს არ დავწერ და თქვენ,
რაც გინდათ ის გააკეთეთ, გინდა იმპიჩმენტი და რაც გინდათ
ის", – განაცხადა ნანა კოსტავამ.
ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებები დაგმეს
ჟურნალისტებმაც. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებლა დეპუტატს
ბოიკოტი გამოუცხადეს.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა
ქუთაისის მერმაც, სადაც ნათქვამია, რომ "მე პირადად და ასევე
ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც
აბსოლუტურად მიუღებელია".
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გუნდში უკვე დაწყებულია
მსჯელობა ნანა კოსტავას საკითხზე და საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს
საათებში, დღეებში მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები