ზესტაფონსა და ჭიათურაში 19 მაისს გამართულ მერების რიგგარშე
არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მმართველი გუნდის მიერ
წარდგენილმა კანდიდატებმა - გიორგი გოგლიჩიძემ და
გივი მოდებაძემ მიიღეს
ნახეთ რისი გაკეთება მოუწევთ გამარჯვებულ კანდიდატებს
წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით:
ზესტაფონი – გიორგი გოგლიჩიძე:
გიორგი გოგლიჩიძე წინა საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს
დაჰპირდა, რომ ზესტაფონში დასრულდება დაწყებული ინფრასტრუქტურული
პროექტები, მოეწყობა ქუჩები, გალამაზდება სკვერი, ბაღი თუ
საფეხბურთო მოედანი.
ასევე, მან ამომრჩევლებთან პირობა დადო, რომ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტში მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, მოხდება დაბა
შორაპნის რეაბილტაცია და ზესტაფონის სოფლების
გაზიფიცირება.
გიორგი გოგლიჩიძის დაპირებებშია გუნდურ მუშაობა და პრობლემების
ერთობლივად დაძლევა.
ჭიათურა – გივი მოდებაძე:
"მაქვს ზუსტად გაწერილი ის გეგმა, რაც ჩვენს ქალაქს განვითარების
სწორ გზაზე დააყენებს. ზუსტად ვიცი, რა გაწუხებთ, რა არის პირველი
რიგის პრობლემები. დამერწმუნეთ, მე ვიდგები ყველა თქვენგანის გვერდით
და თქვენი ჩართულობით ვიზრუნებ ჭიათურის განვითარებაზე. დაგეგმილი
მაქვს ჭიათურა ვმართო მოსახლეობის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან
გამომდინარე. ასევე, დაგეგმილი მაქვს კოსტავას ქუჩაზე ავაშენოთ ახალი,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, სადაც ჭიათურის
მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში მიიღებენ სკოლამდელ
განათლებას".
საბავშვო ბაღების, გზების, სკვერების, ბავშვთა გასართობებისა და
სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქალაქის ეკონომიკურად
გაძლიერება, მღვიმევის მიმართულებით საავტომობილო გზის მოწყობა – ეს
იმ დაპაირებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარების პირობას
გივი მოდებაძე საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს
დებდა.
დაპირების თანახმად, ახლადარჩეულმა მერმა სოფელ ქვედა ბერეთისის,
ისევე, როგორც ზედა ბერეთისის მიმართულებით უნდა მოაწესრიგოს გზის
საფარი, ასევე, შენობების ფასადი და გარეგანათების სისტემა.
გივი მოდებაძემ მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობის და განვითარების
პირობაც დადო.
„ჩვენ ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას შევიმუშავებთ, რაც
საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ჭიათურის
მერიაში, ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში სტაჟირებები გაიაროთ.
ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე
სხვადასხვა სფეროში ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ტურიზმი ჭიათურაში.
მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება"
მასალის გამოყენების პირობები