ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებზე სასაუბროდ, ქუთაისის მერი მოადგილესთან ერთად, კლუბის მეპატრონეს, ზაალ ჩაჩავას შეხვდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ფეხბურთელების წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებას და ჩაჩავას მიერ კლუბიდან შესაძლო წასვლას.
ჩაჩავამ კლუბში შექმნილი პრობლემები ჩინური კომპანიის მიერ
კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი
თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ უარი გვითხრა
დაფინანსებაზე. თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ,
მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მერიას",-განაცხადა ჩაჩავამ.
იგი უკვე შეხვდა ფეხბურთელებს და მათ დავალიანების მიმდინარე თვის
ბოლმდე დაფარვას დაპირდა, თუმცა, საბოლოდ დატოვებს თუ არა გუნდს
და რა ბედი ეწევა ინვესტორის გარეშე დარჩენის შემთხვევაში ქუთაისის
საფეხბურთო კლუბს, ჯერჯერობით უცნობია.
ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა. 2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს"
პრეზიდენტად შვიდი თვის დანიშნული იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ
კიდევ მერიის საკუთრებაში იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის
ჩადების პირობით მოვიდა, თუმცა, ქუთაისის მაშინდელ
ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოახერხა.
ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე
ოფიციალურად გახდა.
სამი წლის შემდეგ კი ქუთაისური კლუბი, შესაძლოა, კვლავ
ინვესტორის გარეშე დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები