ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, იმედა ბებიაშვილთან ერთად, კვირას, 12 მაისს პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრას მასწავლებლებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა.
არსებული ინფორმაციით, არასამუშაო დღეს საკრებულოს თავმჯდომარის
სკოლაში ვიზიტი, მოახლოებული არჩვნების წინ
ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას უკავშირდებოდა.
იზა ღიბრაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლაში მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კვირა დღეს კი სკოლაში იმიტომ
იყვნენ, რომ უბანზე მორიგეობას ასრულებდნენ.
„კვირა დღე იყო, მაგრამ მე ხომ არ ვკითხავდი რატომ მოხვედით
დღესთქვა?! მე შაბათსაც ვიყავი სკოლაში და ასე ვართ ამ დღეებში.
არავითარი ორგანიზებული შეხვედრა არ ყოფილა. ამავე სკოლაში
გახსნილი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ვარ, ჩემი ერთი პედაგოგი უბნის
მდივანი და მორიგეობას ვასრულებდით. მოვიდნენ,
დაათვალიერეს სამუშაოები, გაგვესაუბრნენ და წავიდნენ", - ამბობს იზა
ღიბრაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ სკოლაში პედაგოგები
ნამდვილად დახვდნენ, თუმცა, მას ეს არ მოუთხოვია.
„როდესაც დავურეკე სოფლის დეპუტატს, მითხრა, რომ დამხვდებოდა სკოლის
დირექტორი. მე არ მიმიცია დავალება, რომ პედაგოგები
დამხვედროდნენ. რატომ მოვიდნენ მაგას ვერ გეტყვით.
ალბათ, სკოლის დირექტორმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა
ყოფილიყვნენ იქ. ვისაუბრეთ მშენებლობის მიმდინარეობაზე. მათთან
ერთად იყვნენ მშენებლებიც, ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებენ.
საარჩევნო თემაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია. რადგან
სკოლაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია და ჩავთვალე საჭიროდ, რომ
დამეთვალიერებია. ვერავის ვერ შევუთანხმებ იმას, სად და როდის
მივალ.“,-ამბობს ვახტანგ ღამბაშიძე.
პირველი სვირის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი დღის
წინ დაიწყო. 197 000 ლარად შეფასებულ სამუშაოებს
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზმ ჯგუფი“ ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები