ქუთაისში ორმაისობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის მთავარ ზეიმზე ნახეთ
აქ.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. წელს, მისთვის 80 000
ლარი დაიხარჯება. მას "გვირილობასაც" უწოდებენ. ყოველწლიურად ამ დღეს
სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება
იმართება.
"ორმაისობა ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე
საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია
საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი
წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით.
შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში,
შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების
გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო.
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის
იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი
სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა
ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი
კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა
ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი
დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.
რაც შეეხება გვირილობას, - ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში
გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა
შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა
დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა -
თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.
"გვირილობა" ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში.
ენციკლოპედია "იმერეთზე" მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა
მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის
არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული
მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი
ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი! (ეს ის ფოტოა,
რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).
უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო
ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული
დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ
ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის
განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს
ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან
მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი.
მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.
ამავე თემაზე:
მზადება
ორმაისობისთვის (ფოტო)
ქუთაისის
ქუჩები გვირილობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები