ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე ABBA mania-ს დაპირებული კონცერტი აღარ ჩატარდება.
შვეიცარულ ჯგუფს ქუთაისის ნაცვლად თბილისელი მსმენელი მოუსმენს.
კონცერტი 31 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში
უკვე დანიშნულია.
„31 მაისს იქნება თბილისში, იმიტომ, რომ მანდ ვერ
მოვასწარით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წინა კონცერტზე
ჩვენ შენიშვნა მოგვცეს წყალში და ტალახში ჩაატარეთ კონცერტიო.
ამხელა საქმეს ვაკეთებ და ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია, ამიტომ აღარ
ვაპირებ თავი გავილანძღო. როცა ქუთაისი იქნება მზად იმისთვის, რომ
მიიღოს ამ დონის სტუმრები, ჩვენ ისევ ჩავატარებთ
კონცერტებს. ვერ მივხვდი რატომ გამოიწვია ასეთი რეაქცია
ჩვენმა გამოჩენამ?! თუ ასეთი პრობლემაა, მზად ვარ დავთმო
ეს ქარხანა და უკან გადმოვაბარო. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. არ
ვაპირებ პოლიტიკური განცხადებების და უაზრობების გამო თავი
გავილანძღო“, - განაცხადა ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში დავით
ოქიტაშვილმა.
მისი თქმით, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა
ქუთაისის მერიამ უნდა მოაწესრიგოს, რადგან კულტურის
პალატას შენობის გარეთ სამუშაოების ჩატარება არ ევალება.
„ინფრასტრუქტურა ჩვენ არ გვეხება. ჩვენი მოვალეობაა შიგნით
ჩავატაროთ ღონისძიებები. ქალაქის მერი შეგვპირდა, რომ მოაწესრიგებდა
ინფრასტრუქტურას, თუმცა, იქ არის პროცედურები, რომ ეს მოხდეს
კანონიერად. გზაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი და ასე უცებ ვერ მოხდებაო
გვითხრეს“, - განმარტავს ჩვენთან საუბარში დავით
ოქიტაშვილი.
რა დაპირება მისცა ქუთაისის მერიმ კულტურის პალატას, ამაზე
პასუხს ქუთაისიპოსტი მერიისგან ამ დრომდე ელოდება.
საქართველოს კულტურის პალატამ ქუთაისში ABBA mania -ს ჩამოყვანა
პრესკლუბ „მედიარუმში“ ერთი თვის წინ დაანონსა.
მაშინ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შვეიცარული ჯგუფი ქუთაისს
ორმაისობის დღესასწაულზე ეწვეოდა.
„ქუთაისი არენაზე“ კულტურის პალატის ორგანიზებით ორი კონცერტი
გაიმართა. 8 მარტს ავანგარდის ყოფილ ქარხანაში სტეფანე მღებრიშვილის
კონცერტი ჩატარდა. გასული წლის 20 ოქტომბერს კი ქუთაისმა
ბელგიურ დუეტს „კონობას“ უმასპინძლა.
შენობა, სადაც კონცერტები ჩატარდა, ქუთაისის მერიამ "კულტურის
პალატას"უსასყიდლოდ გადასცა.
ავანგარდის დასახლებაში 2000 კვ.მ შენობისა და 6000 კვ.მ
მიწის ნაკვეთის უსასყიდოდ დათმობა ოპოზიციამ გააპროტესტა.
მაშინ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შენობა და მისი მიმდებარე
ტერიტორია საპირფარეშოდ იყო ქცეული. კულტურის პალატა კი მის
მოწესრიგებას და ქუთაისელებისთვის კულტურული სივრცის შექმნას
უზრუნველყოფდა.
შენობის გადაცემიდან თვენახევრის შემდეგაც ტერიტორიაზე არაფერი
შეცვლილა. ამორტიზებულია შენობამდე მისასვლელი გზა, რომლის
ორივე მხარეს სამშენებლო ნარჩენები ისევ ყრია.
მასალის გამოყენების პირობები