ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების
მიმდინარეობისას, ასფალტის საფარის ქვეშ უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს.
ის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ფრაგმენტულადაა შენარჩუნებული, თუმცა,
თითქმის ხელუხლებელია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზიაკა, შესაძლოა, ას წელზე მეტი ხნის
იყოს. წლების განმავლობაში ქუჩაზე რამდენიმე ფენა ასფალტისა და
ბეტონის საფარი დაიგო, ამიტომ, მისი არსებობა აღარავის ახსოვდა.
ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უძველესი
მოზაიკა ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა
შეამჩნიეს.
სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ მოზაიკა
ფრაგმენტულია, ამიტომ ამის შესახებ ოფიციალურად არავისთვის
უცნობებიათ.
"ვინც აკეთებს გზას, ისინიც გაოცებული იყვნენ. ძალიან საინტერესოა რა
თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტულადაა,
დაახლოებით 5 მეტრიანი მონაკვეთები. ეს რომ მთელ ქუჩაზე იყო უწყვეტად,
კიდევ შეიძლებოდა მის შენარჩუნებაზე ფიქრი. როგორც აქ ამბობენ, ასი
წლის წინანდელი მაინც იქნებაო. ეს მოზაიკა რომ დაიგო, მაშინ, ალბათ,
ათ სახლზე მეტი არ იქნებოდა ამ ქუჩაზე. მას შემდეგ ბევრჯერ დაიგო
ახალი გზა, ხალხმა თავიანთ ეზოებში შესასვლელები გააკეთეს
და ცხადია დაზიანდა, თუმცა, ის, რაც გამოჩნდა, თითქმის
ხელუხლებელია",-ამბობს მურად ჯიშკარიანი.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა ადრე გეგუთის, მოგვიანებით კი ჭავჭავაძისა და
წულუკიძის სახელს ატარებდა.
ფოტოები აღებულია ქუთაისის
#2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდიდან
მასალის გამოყენების პირობები