ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, თემურ მურღულია
განცხადებას ავრცელებს.
მურღულია უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრალდებებს
პასუხობს და ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს
უნივერსიტეტი დაპირებული მასშტაბებით არ აშენდება და ის მხოლოდ 3000
სტუდენტზე იქნება გათვლილი, ტყუილია.
"როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ
აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. პირველი
წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები
იქნება მკაცრი და იმედი მაქვს რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი
გვეყოლება. ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო
კომპლექსში საპროექტო მასტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე.
როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია
შემდგომი გაფართოვებისთვის", - წერს თემურ მურღულია
სოციალურ ქსელში.
უნივერსიტეტის რექტორმა ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგის გამართვაც
დაანონსა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე "ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გიგა შუშანიამ ისაუბრა. 29 მარტს მან
პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, რომ "ქართული
ოცნება" მოსახლეობას ატყუებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებული
მასშტაბებით არ აშენდება. გიგა შუშანიას თქმით, დაპირებული 60 000-ის
ნაცვლად, უნივერსიტეტი მხოლოდ 3000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ფონდი
"ქართუ" კი უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ჭაობის
დაშრობას არ აპირებს, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს
ბაყაყებთან ერთად მოუწევთ სწავლა.
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისელებს 60 000 სტუდენტზე გათვლილი
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება 2016 წელს
დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები