სოფელ გელათში მცხოვრებლებმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა
გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სოფელ გელათის მოსახლეობის ნაწილისთვის
საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას და სოფლის სახელწოდების შეცვლას
აპროტესტებენ.
მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ , მოსახლეობისგან ფარულად,
სოფელ გელათის ნაწილი სოფელ კურსებს მიაკუთვნა.
"ცვლილებამ პრობლემები შეგვიქმნა საჯარო რეესტრში დოკუმენტების
დამზადებისას, ასევე, დაეცა აქ არსებული სასტუმროების ფასი და
შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება. არაერთხელ მივმართეთ მერიას და
საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ," - აცხადებენ აქციის
მონაწილეები.
მათი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის
უკიდურეს ფორმას მიმართავენ და პერმანენტულ აქციებს
დაიწყებენ.
ტყიბულის საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ავალიანი
აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტყიბულის საკრებულო უახლოეს პერიოდში
იმსჯელებს. ავალიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის
სასარგებლოდ იქნება მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები