ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ითხოვს. სხვადასხვა პარტიის
წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია
გამართეს.
მათ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-ინისტრ, მამუკა ბახტაძესა
და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს:
"მოგახსენებთ,რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულმა მძიმე
სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა, რაც რა თქმა უნდა უმეტეს წილად ქართულ
ოცნების ,,დამსახურებაა", ქუთაისზე განსაკუთრებულად მძიმე შედეგი
იქონია. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ბოლო წლებია ისედაც დგას უმძიმესი
ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე, რასაც დაემატა ის, რომ ჩვენს
ქალაქთან მიმართებაში საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი
,,ქმედითი" გადაწყვეტილება მიიღო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო
კვლავ გადაიტანა დედაქალაქში. აქამდე ფორმალურ რანგში არსებული
საპარლამენტო სტატუსი - ბევრი ქუთაისელისათვის იმ იმედის მომცემი იყო,
რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ რეალურად გავხდებოდით საპარლამენტო
დედაქალაქი, ზოგადი სიტუაცია და პირადი მდგომარეობა ამით
გაგვიუმჯობესდებოდა, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს
პერსპექტივის განცდაც გამოგვეცალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ
მომართვის ავტორებს ეჭვი გვეპარება, რომ თქვენს მიერ გაცემული
რომელიმე დაპირება როდესმე მოვა სისრულეში, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი
თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერათ ქუთაისის
საუნივერსიტეტო სტატუსის და 60000 სტუდენტის ერთ დღესაც აქ გამოჩენის.
ბატონებო ამა წლის 20 მარტს ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პარტიების
რამოდენიმე წარმომადგენელი გახლდით უნივერსიტეტის მშენებლობის
ადგილას. რბილად რომ ვთქვათ იქ არსებული სიტუაცია და მშენებლობის
ტემპები ვერანაირად ვერ მოდის შესაბამისობაში ვერც გაცემულ
დაპირებებთან და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოლოდინებთან.
გვინდა დავიჯეროთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, მიუდგებით აღნიშნულ
საკითხს პასუხისმგებლობით, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ
ქალაქის მაცხოვრებლებს გვეტყვით სიმართლეს. იმისათვის რომ, ჩვენ ამ
ობიექტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს სამომავლო მოცემულობაზე
წარმოდგენა ვიქონიოთ.
ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ გაგვიმხილოთ როდის არის დაგეგმილი
აღნიშნული მშენებლობის დასრულება? როდის შეიძლება გვქონდეს 60000
სტუდენტის ჩვენს ქალაქში სასწავლებლად ჩამოსვლის იმედი? პარლამენტის
ალტერნატივად რას თავაზობთ ქალაქს? და თუ რიტორიკულ კითხვაში არ
ჩაგვითვლით ქუთაისთან მიმართებაში რაიმე სამოქმედო გეგმა გააქვთ?"
2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის
საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა და 2012 წლის შემდეგ
საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თბილისში აგრძელებს. თუმცა, სამოქალაქო
მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ბრძოლას არ წყვეტს და
პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის.
ავტორი: ლილე ბერაძე
მასალის გამოყენების პირობები