სამტრედიაში, 30 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხის გამო, რომელიც ორი
მოსახლის კარმიდამოს შუაზე ჰყოფს, მეზობლები ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ.
ჯემალ ჯიბლაძე ამბობს, რომ არხი, რომელიც მისმა მეზობელმა ნოდარ
მინდელმა კანონდარღვევით მიისაკუთრა, არ იწმინდება. ნარჩენებით სავსე
სანიაღვრე ყოველი წვიმის დროს ივსება და მის ეზოს ტბორავს.
ნოდარ მინდელი კი ამბობს, რომ არხი მის საკუთრებაშია, რასაც
დოკუმენტებიც ადასტურებს. მისი თქმით, მეზობელი პოლიტიკური
სიმპათიების გამო დაუპირისპირდა.
"მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვიყავი სულ. ის "ოცნებაშია".
შარშან, არჩევნების წინ მკითხა, შენ ვის აძლევ ხმასო. მე ვუთხარი ხომ
იცი "ოცნებას" არ მივცემ ხმასთქვო. ამის მერე გააქტიურდა ჩემს
წინააღმდეგ. 1965 წლიდან ჩემია ეს არხი, 2008–ში დავარეგისტრირე კიდეც
და აქამდე ხმა არ გაუღია. პოლიტიკის გამო ხდება ალბათ, აბა სხვა რა
უნდა ვიფიქრო", – ამბობს ნოდარ მინდელი.
პოლიტიკური მოტივით მეზობელთან დაპირისპირებას უარყოფს ჯემალ ჯიბლაძე.
მისი თქმით, მინდელს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცის ხარჯზე
საკუთარი ეზოს გაფართოება უნდა, რასაც არ დაუშვებს.
"თავის დროზე დანაშაულებრივი გზით გააკეთებინა ნახაზი და უკანონოდ
დაირეგისტრირა სანიაღვრე. შემდეგ ნაწილი გადახურა და საერთოდ
შეუძლებელია მისი გაწმენდა. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და არა
მისი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, აქ ჩამოდის 10 ოჯახის ნაწრეტი
წყალი, რომლითაც არხი ივსება და ჩემს ეზოს ტბორავს. მაგას უნდა, რომ
ეს არხი შეიერთოს და ჩვენ რა დაგვემართება არ აინტერესებს", – ამბობს
ჯემალ ჯიბლაძე.
არხი ორი მეზობლის ეზოს შუაზე
ჰყოფს
არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა
დაბინძურებული
ნოდარ მინდელმა 555 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სანიაღვრესთან ერთად 2008
წელს დაირეგისტრირა. ღვარსადენი მინდელის საკუთრებაში სამტრედიის
საკრებულოს საკუთრების უფლების კომისიამაც აღიარა. 2019 წლის 6
თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც სამტრედიის მერიას არხის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით ჯემალ ჯიბლაძემ
მიმართა, მერიამ საკრებულოს 2008 წლის გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო
და მინდელის სახელზე დარეგისტრირებული არხი (55 კვ.მ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებად გამოაცხადა.
ნოდარ მინდელი ამბობს, რომ თავის დროზე, როცა არხი დაირეგისტრირა,
კანონი არ დაურღვევია.
"მთავრობამ მომცა და დავიკანონე. მაშინ ასეთი მოთხოვნა იყო, თუ არ
დაარეგისტრირებთ, ჩამოგართმევთო. არც მე მეგონა თუ ასე გამწვავდებოდა
სიტუაცია",– ამბობს ნოდარ მინდელი.
მისი თქმით, პროცესს რომ პოლიტიკური მოტივი აქვს,
ადასტურებს ისიც, რომ მერია არხის მხოლოდ იმ მონაკვეთს არეგისტრირებს,
რომელიც ამ დრომდე მის საკუთრებაში იყო. სანიაღვრეს დარჩენილ ნაწილს
კი, რომელიც მისი თქმით, ივანიაძისა და გიგინეიშვილების საცხოვრებელ
სახლებს უერთდება, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთრებაში არ
ითხოვს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
იურისტი, მინდელის საქმის გარდა, ვერ იხსენებს
სხვა შემთხვევას, როცა მერიამ საცხოვრებელი სახლის ეზოზე გამავალი
სანიაღვრე არხი დაარეგისტრირა. ნიკოლოზ სანაძე ამბობს, რომ არხი
მუნიციპალური საკუთრებაა და კერძო მფლობელობაში ვერ იქნება. თუმცა, თუ
მინდელი კანონს არღვევდა, რატომ არ მოხდა აქამდე რეაგირება, ამაზე
სანაძე ამბობს, რომ მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონებას
ეტაპობრივად არეგისტრირებს.
"შეიძლება დროში დაემთხვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპეციალურდ
დავიწყეთ პროცესი. მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ირეგისტრირებს ასეთ
ქონებებს",–ამბობს ნიკოლოზ სანაძე.
საკრებულოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა ნოდარ მინდელმა, თუმცა,
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ამის მიუხედავად, მინდელი ამბობს, რომ ბრძოლას სამართლებრივი გზით
გააგრძელებს.
მეზობელთან დავის შეწყვეტას არც ჯემალ ჯიბლაძე აპირებს და აცხადებს,
რომ თუ მინდელი ბრძოლას არ შეწყვეტს, პროკურატურას მიმართავს და
სანიაღვრე არხის დანაშაულებრივი გზით მითვისებას დაუმტკიცებს.
ვიდრე მეზობლებსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტეს შორის დავა
გრძელდება, ორი ოჯახის ეზოზე გამავალი სანიაღვრე არხი საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით ყოველდღიურად ივსება, რაც ანტისანიტარიის კერას ქმნის.
ძლიერი წვიმის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლების დატბორვის
საფრთხე იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები