ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან
დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად
ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი
მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების
არჩევა.
3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა
7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის
შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს,
სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და
შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების
შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.
პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ -
რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება
განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების
რაოდენობის შესახებ.
ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება საინფორმაციო ცნობარი,
რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.
ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული
კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე
გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).
მასალის გამოყენების პირობები