ქუთაისის მერია "ტორპედოს" მოედნის რეაბილიტაციის პროექტზე 35 000
ლარს დახარჯავს.
იმისთვის, რომ მოედანი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს
შეესაბამებოდეს, კლუბის ინფრასტრუქტურა, თითქმის, მთლიანადაა
შესაცვლელი.
11 800 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებზე უნდა მოხდეს ასასვლელი
კიბეების რეკონსტრუქცია და სკამების შეღებვა, სექტორების მიხედვით.
განახლდეს სამთავრობო და პრეს ლოჟა, სტუმრებისთვის უნდა მოეწყოს ახალი
VIP სივრცე.
უნდა გახლდეს 30 ჟურნალისტზე და 20 ფოტოგრაფზე გათვლილი სივრცე,
საკომენტატორო და პრესკონფერენციის ოთახები.
მესამე სართულზე უნდა მოეწყოს "ტორპედოს" ისტორიის საგამოფენო სივრცე.
ყველა სართულზე, მათ შორის გარე პერიმეტრზეც, მოწესრიგდეს სველი
წერტილები. განახლდეს გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები და
სამედიცინო კაბინეტები. ცალკე სამედიცინო ოთახი უნდა მოეწყოს სტუმარი
გუნდისთვის.
სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი უნდა შეიცვალოს ხელოვნურ საფარიანი
მასალით.
ტრიბუნები უნდა აღიჭურვოს სათვალთვალო კამერებით, ცენტრალური
შემოსასვლელის მიმდებარედ კი უნდა მოეწყოს 150 ავტომანქანაზე გათვლილი
პარკირების ადგილი.
ყველა ამ სამუშაოს პროექტს ქუთაისის მერია ტენდერის გზით
შეისყიდის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დააფინანსებს თუ არა
ადგილობრივი ხელისუფლება სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც.
რაც შეეხება მოედნის საფარს, როგორც შპს "რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონის" დირექტორი, თამაზ კიკვაძე ამბობს, ამ სამუშაოებისთვის
საჭირო ხარჯებს
ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს, რაც დაახლოებით
800 000 ლარი იქნება.
რეაბილიტაციის დასრულებამდე "ტორპედო" კალენდარულ მატჩებს წყალტუბოს
მოედანზე ჩაატარებს.
"ტორპედოს" სტადიონს რეკონსტრუქცია ბოლოს 2010 წელს,
ინვესტორმა კომპანია "ვისოლ ჯგუფმა" ჩაუტარა. სტადიონზე
დამონტაჟდა 14 700 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების
ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული
შენობა, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.
2017 წელს კლუბი ქუთაისის მერიამ აუქციონზე
300 000 ლარად გაყიდა. სტადიონი კი საკუთრებაში დაიტოვა, რომლის
შენახვის ხარჯებსაც დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფარავს.
მასალის გამოყენების პირობები