ქუთაისში, ავანგარდის ყოფილი ქარხნის შენობა, სადაც 8 მარტს მომღერალ
სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი, "კულტურის პალატას"
უსასყიდლოდ დღეს გადაეცა.
როგორც ირკვევა, კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, შენობის
მდგრადობის შესახებ დასკვნა მომზადებული არ არის.
"კულტურის პალატის" თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ
შენობას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება.
"ახლაც მუშაობს ათკაციანი ჯგუფი იქ და შეიძლება სამ საათშიც იყოს ეს
დასკვნა", – ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომელიც შენობის გადაცემის
საკითხის მოსასმენად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მივიდა.
სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ოქიტაშვილს შენობის მდგრადობის
დასკვნა მოთხოვეს, რომელიც მათი თქმით, კულტურის პალატას ჯერ კიდევ
გასული წლის ოქტომბერში უნდა წარმოედგინა, როცა შენობაში ბელგიური
ჯგუფის "კონობას" კონცერტი ჩატარდა.
ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შენობის შესწავლა პირველად არ ხდება და
მას ექსპერტიზა უკვე ოთხჯერ ჩაუტარდა, თუმცა, შეკითხვაზე არსებობს თუ
არა შესაბამისი დოკუმენტი, "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ
განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი ქუთაისის მერიას აქვს.
"პირველი კონცერტი როცა ჩატარდა ეს დასკვნა არსებობდა და ყველა
დოკუმენტი აქვს მერიას. ახლა მე ოფიციალურად, ხელშეკრულებით
მომთხოვეს, რომ სამხარაულის დასკვნა აუცილებელია. შენობა უკვე ოთხჯერ
შევამოწმეთ და დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მდგრადია. როდესაც შენობა
200 კილოვატიანი აპარატურის სიმძლავრეს უძლებს, უკვე ითვლება
ოფიციალურად, რომ ის არის მდგრადი. ჩვენ ყოველი კონცერტის ჩატარების
წინ ამას გავაკეთებთ და ჩვენი მოთხოვნაც იყო, რომ არ მოვაწერდით ხელს
ხელშეკრულებას, ვიდრე ეს დოკუმენტი არ იქნებოდა",–განაცხადა დავით
ოქიტაშვილმა.
რაც შეეხება შენობის
უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს, რასაც ოპოზიციის
პროტესტი მოჰყვა, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ "კულტურის პალატამ"
დიდი თანხები ჩადო კონცერტების ორგანიზებაში, რაც
ქუთაისის კულტურული ცხოვრების განვითარებას ემსახურება.
"არ მოგვითხოვია და არც მოვითხოვთ ერთ თეთრსაც ქუთაისის
ბიუჯეტიდან. პირიქით, ჩვენ ვხარჯავთ თანხებს, რადგან გვინდა, რომ
ახალგაზრდებს გავუკეთოთ ის სივრცე, რასაც ნატრობენ. ქუთაისელი
ახალგაზრდები არ უნდა დარბოდნენ თბილისში და ბათუმში კონცერტებზე
დასასწრებად და ისინი იმსახურებენ თავიანთ ქალაქში ასეთ
სივრცეს",–განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
"კულტურის პალატისთვის" შენობის გადაცემას დღეს საკრებულოს სხდომაზე
ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს დავით ოქიტაშვილი და "ნაციონალური
მოძრაობის" დეპუტატი, გიგა შუშანია
დაუპირისპირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები