ბავშვის ოჯახისგან განცალკავებისთვის საკმარისი აღარ იქნება მხოლოდ ის
გარემოება, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები.
არასრულწლოვნის მშობლებისგან განცალკევება მხოლოდ უკიდურესი
აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებით იქნება დასაშვები.
შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა უფლებებს ახლებურად
დაარეგულირებს, უკვე მომზადებულია. პარლამენტი მის განხილვას 4
მარტიდან იწყებს.
"ბავშვის უფლებათა კოდექსის" მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში
შეიქმნება ოჯახებისთვის ე.წ. მატერიალური და არამატერიალური
მხარდაჭერის პროგრამები, რაც მოიცავს ბავშვების როგორც სოციალურად
დაცვის გაძლიერებას, ასევე, ზრუნვას მათ განათლებასა და მათ
უფლებებზე.
მატერიალური და არამეტერიალური მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს
საგანმანათლებლო ტრენინგ–კურსებს ბავშვის აღზრდა–განვითარების, მასთან
არაძალადობრივი კომუნიკაციის და პოზიტიური მშობლობის შესახებ. ასევე,
კონსულტაციებს იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები
განქორწინებისა და ოჯახური დავების დროს. კანონპროექტი, ასევე,
მოიცავს მკურნალობის კურსს ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან
სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროების დროს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გააძლიეროს
მზრუნველობა იმ ბავშვებზე, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებული
არიან მშობელთა ზრუნვას. ძლიერდება იმ ოჯახების მატერიალური
მხარდაჭერა, რომლებიც ახორციელებენ მინდობით აღზრდას.
ბავშვებისთვის სოციალური დახმარების რაოდენობა განისაზღვრება
ინდივიდუალურად, მისი ოჯახის საჭიროებების მიხედვით.
"ბავშვის უფლებათა კოდექსის" შესახებ მომზადებულ ცვლილებათა
კანონპორექტს 9 კომიტეტი ერთდროულად განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები