ქუთაისის ისტორიული ნაწილი, შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის
ძეგლად გამოაცხადოს.
ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა
დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
ანთიძის თქმით, ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე
ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ქალაქის ძველი
ნაწილის არქეოლოგიურად შესწავლას ქართულ-პოლონური ექსპედიაცია
ახორციელებს.
ნიკოლზ ანთიძის თქმით, გათხრები 2016 წელს დაიწყო და ქალაქის
განვითარების ეტაპების შესწავლას ითვალისწინებს. დასკვნების
საფუძველზე ქუთაისის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილს იუნესკოს წარუდგენენ,
რათა მას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.
"პროცესი დაწყებულია. სამუშაოები საწყის ეტაპზეა. ქართულ-პონოლური
ერთობლივი ექსპედიცია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუშაობს ქალაქის ისტორიული ნაწილის
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებისთვის, რომელიც
მომდევნო წელს კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა. ქუთაისის ხელისუფლებაც
იღებს მზაობას, რომ ხელი შეუწყოს პროცესებს და ქალაქში არ გაჩნდეს
ისეთი ახალი ნაგებობები, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში ქუთაისის
არქიტექტურასთან და ძველი ნაწილის იერსახესთან", - ამბობს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ქუთაისში
როლანდ ისაკაძე.
პროექტის მინი პრეზენტაცია დღეს ნიკოლოზ ანთიძემ პრეზიდენტისთვის
გამართა.
"ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ რომ სწორად მივაწოდოთ
პროექტი იუნესკოს", - თქვა ნიკოლოზ ანთიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,
წყალტუბოს შემდეგ ქუთაისს სტუმრობს.
მასალის გამოყენების პირობები