ახალი ამბები
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ დარბაზი დატოვა
FaceBook
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ექსპერტებს კითხავდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც პროცესზე ხდება. ისე გამოყავთ, თითქოს ჩემი შვილი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს", - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე გამართულ მორიგ სასამართლო პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლები დაიკითხნენ.

ექსპერტებმა ვერ გასცეს პასუხები პროკურორ ვალერი კუჭუხიძის შეკითხვებს, თუ რა მანძილი იყო კვირიკაშვილის მიერ საფრთხის შემჩნევის მომენტში,  მასსა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შორის. ასევე,  რა გახდა ავტომანქანის მოცურების მიზეზი, რომლის შემდეგაც, კვირკაშვილის თქმით, იგი პაპასკირის ავტომანქანას შეეჯახა.

დაკითხვაზე  ექსპერტებმა თქვეს, რომ ამის გამოკვლევა არ ხდება.

პროკურორისთვის  ექსპერტების პასუხები მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ასეთი  გარემოებების შესწავლა აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი მეთოდებით ხორციელდება.

"ეს არის აბსურდი, რომ არ ხდება მანძილის გაზომვა საფრთხის შემჩნევის მომენტში, ან მანევრირებისა და  მოცურების მიზეზის  დადგენა. პირველ ჩვენებაში კვირიკაშვილს ავტომანქანებს შორის მანძილი ჰქონდა მითითებული 10-30 მეტრი, ამ მანძილზე კი ვერანაირი მანევრის გაკეთებას ვერ მოასწრებდა მძღოლი. პირველი დასკვნა, რომელმაც ცალსახად დაადასტურა მოძრაობის დარღვევა კვირიკაშვილის მხრიდან, გაიცა ამ მონაცემების გარეშე, მანძილის გაანგარიშების გარეშე", - ამბობს ვალერი კუჭუხიძე.

პროკურორმა, ასევე, ისაუბრა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე თეთრი ფერის დაუდგენელ ავტომანქანაზე, რომელიც გამოძიებაში მოგვიანებით გამოჩნდა და დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებამ შეუქმნა საფრთხე კვირიკაშვილის ავტომანქანას და მანევრის გაკეთება აიძულა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში ასეთი ავტომანქანის არსებობა არ დასტურდება.

"არანაირი გარეშე ფაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ არსებობდა. ეს გამოძიებამ ცალსახად დაადგინა. იმ მოწმეს, რომელიც სასამართლოზე დავკითხეთ, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ უსაუბრია  ამ  ავტომობილზე. მე ვერც გამომძიებელმა გამცა დამაჯერებელი პასუხები იმაზე, თუ რატომ არ მიუთითა მან  ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს ჩატარებული  დაკითხვის ოქმში თეთრი ფერის  ავტომანქანაზე, თუკი ასეთი რეალურად არსებობდა", - ამბობს ვალერი კუჭუხიძე.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 22 თებერვალს ჩაინიშნა, ბრალდების მხარე გამომძიებელს დაკითხავს. შესაძლოა, დაიკითხოს კიდევ რამდენიმე ექსპერტი.

2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთ ავტომანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.