ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის
სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ
სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ
შემთხვევით აღმოაჩინა.
მისი თქმით, 8 იანვარს მას უთხრეს, რომ მღვიმის სიმცირის გამო მისთვის
ძეგლის სტატუსის მინიჭება არ იგეგმება.
"ჩამოსული ყოფილან სპეციალისტები, დაუთვალირებიათ და უთქვამთ ზომით
პატარაა და ძეგლის სტატუსს ვერ მივანიჭებთო. საქართველოც პატარაა და
მაშინ რა გამოდის? ზომის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ? ჩასული
იყვნენ იქ სპალეოლოგები და თქვეს, რომ მღვიმე არის უნიკალური. ეს არ
არის საკმარისი? ზომას რა მნიშვნელობა აქვს?", – ამბობს ვახტანგ
სიხარულიძე.
მისი თქმით, მღვიმესთან ახლოს კარიერული სამუშაოების გამო მუდმივად
არსებობს მისი დაზიანების საფრთხე. გარდა ამისა, მღვიმის შესასვლელი
არ არის დაცული, რაც, ასევე, საფრთხის ქვეშ აყენებს იმ უნიკალურ
ფორმებს, რაც მღვიმეშია.
ქუთაისიპოსტი დღის ბოლომდე ელოდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს
პოზიციას. თავდაპირველად სააგენტოში გვითხრეს, რომ სპეციალისტებმა
შეისწვალეს მღვიმე, თუმცა, ის არქეოლოგიულად საინტერესო არ აღმოჩნდა,
თუმცა, იმაზე აპირებს თუ არა სააგენტო მღვიმესთვის ძეგლის სტატუსის
მინიჭებას, განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებდნენ. სააგენტოს ამაზე
განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ჭახათას უბანში უნიკალური მღვიმე, რომელიც ქუთაისელმა ექიმმა მის
ძაღლთან ერთად სეირნობის დროს
შემთხვევით აღმოაჩინა, სპელეოლოგების შეფასებით
დაახლოებით 30–50 წლისაა. მათი თქმით, მღვიმეში არსებული
სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების
მბრწყინავი ფორმები, უნიკალურია და ის
საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არ გვხვდება.
მასალის გამოყენების პირობები