ახალი ამბები
“თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!”-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
FaceBook
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე თავის საშობაო ეპისტოლეში სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს.
მისი თქმით, თუ ადამიანები ერთმანეთის მიმართ უანგარო სიკეთის, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულსა და მეგობრობას დაკარგავენ, მაშინ ასეთ ასეთ სამყაროში ცხოვრებას ვეღარავინ შეძლებს.

ილია მეორე ეპისტოლეში, ასევე, საუბრობს აბორტზე, ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებზე, რომელიც მისი თქმით, ათასობით ახალგაზდას იწირავს. 

'საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.

ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.

ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა.

ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, – ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.

სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, – სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც.

თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა.

დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.

ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი.

ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: ,,ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს" (მათე 5,22).

იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის- მთქმელთ: ,, ……ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი ……ის ბილწავს მთელს სხეულს … დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. . . ასე არ უნდა იყოს" (იაკობი 3, 6-10).

თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება"-ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.