რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა საქართველოს 2018 წელს -
მთავრობამ გასული წლის სტატისტიკა წარადგინა. პრეზენტაცია საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გამართეს.
"ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ
ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ
საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. პირველ იანვარს ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ საქართველოს საპატიო
სტუმრობა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე
ფრანკფურტში.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია – 2018 წელს საქართველო
უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს
გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში.
ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის – Numbeo-ს მონაცემებით, 2018
წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად
დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, მაშინ როცა ევროპაში
მეორე ადგილზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი
შედგა. ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია.
2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით
გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%, სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%,
ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%, ლატვია +50%, ჩეხეთი +44%,
პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია
+30% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის
რესპუბლიკა +112%, ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი
+34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის
მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 163
პრესტური და 24 გაცნობითი ტური; საქართველოს ეწვია 800 მდე
ჟურნალისტი; 300 მდე ტუროპერატორი; მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და
200-ზე მეტი სიუჟეტი.
უწყების ინფორმაციით, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება
პროექტი „ გაიცანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში ოთხი წლის
განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრესტური
მოეწყო.
imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები