2019 წლის 1 იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით
განხორციელების პრინციპი გაუქმდა და პროცესში დამრგვალების სისტემა
შემოვიდა.
ეროვნულმა ბანკმა ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის
დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი 2018 წლის ოქტომბერში
დაამტკიცა.
1 იანვრიდან მაღაზიებში და სხვა დაწესებულებებში, მეწარმე სუბიექტი
ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის
დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს
უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით.
დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით,
უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას გულისხმობს.
დადგენილების თანახმად, 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა
მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი
თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული
გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე
დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე.
ეროვნული ბანკის დადგენილების მიხედვით, 1 და 2 თეთრის ნომინალის
მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა.
imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები