ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის ცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, მის ბაზაზე "იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის
მართვის ორგანიზაცია" უნდა დაფუძნდეს, რომელიც იმერეთის ყველა რაიონის
ტურიზმის ცენტრებს გააერთიანებს. ცვლილების მიზანია,
მუნიციპალიტეტებმა არამხოლოდ მათი რაიონის ტურისტული პოტენციალის
გაზრდაზე იზრუნონ, არამედ, ტურიზმი რეგიონის მასშტაბით
განავითარონ.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით,
ტურიზმის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ახალი ააიპის ყველაზე დიდი
განყოფილება ქუთაისში იქნება.
"ქუთაისში დღეს მოქმედი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ემსახურებოდა
მხოლოდ ქუთაისში ტურიზმის განვითარებას და არა იმერეთის მხარეში. ახლა
ეს მოხდება რეგიონის მასშტაბით. ტურიზმის დეპარატამენტში მოწონება
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა დაიმსახურა და გადაწყვეტილება
იქნა მიღებული, რომ სწორედ ჩვენი ცენტრი მოემსახურება იმერეთს.
ჩვენი მიზანია ქუთაისში მოვახდინოთ ტურისტების მობილიზება, რადგან
ხდება ისე, რომ აქ ჩამოდიან ერთი დღით და ისევ მიდიან. ჩვენ თუ მათ
შევთავაზებთ იმერეთის სანახაობებსაც, დავაბრუნებთ უკან. ამასთანავე,
ამ ცვლილების მიზანი არის ისიც, რომ ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს
შევთავაზოთ ტრანსპორტირება, რაც აქამდე არ ხდებოდა", – განაცხადა
ირაკლი გიორგაძემ.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ტურიზმის ცენტრების ფუნქციები ამ
ცვლილების შემდეგ გაიზრდება, არ შეიცვლება ბიუჯეტი და დასაქმებულთა
რაოდენობა.
თუმცა, როგორც ირკევევა, რაიონების ტურისტული ცენტრებიდან ყელაზე დიდი
ფინანსური წვლილის გაღება ქუთაისს მოუწევს. თუ იმერეთის 11
მუნიციპალიტეტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის წლის განმავლობაში
ჯამში 100 000 ლარს დახარჯავს, ქუთაისის იგივე მიზნით 500 000 ლარის
გაღება მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები