ხარაგაულელმა მონადირეებმა მოკლულ მგლებთან ერთად გადაღებული ფოტოები
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ხსენებულ ფოტოებზე მოკლული მგლები თოკებით ჯოხებზეა გამობმული და
მათთან ერთად მონადირეები სხვადასხვა კუთხით პოზირებენ.
მოკლული მგლებისა და მონადირეების ერთობლივი ფოტოები ხარაგაულის
ტყეში, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ნადირობის დროსაა გადაღებული.
კადრები სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფში გავრცელდა, რასაც დიდი
კრიტიკა მოჰყვა.
"ეს არის სისასტიკე, რომელშიც საამაყო არაფერია," – ასეთია შეფასებები
ცხოველების მკვლელობის ამსახველ მძიმე კადრებზე სოციალურ ქსელში
საზოგადოების მხრიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ნადირობა აბსოლუტურად
კანონიერად მოხდა, თუმცა გმობენ ფოტოების გასაჯაროების
ფაქტს.
"ნადირობა ლიცენზირებული, ნებადართული იყო გარემოს დაცვის სამინისტროს
მხრიდან. მუნიციპალიტეტს ათი მგლის ამოღების უფლება ჰქონდა და ჩვენ
მხოლოდ ორი ამოვიღეთ. თუმცა ამ კადრების გასაჯაროება არ არის კარგი
საქციელი, ამიტომ მოვუწოდებთ მონადირეებს, რომ აიღონ ეს ფოტოები
თავიანთი სოციალური გვერდიდან," – აცხადებენ ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან განსხვავებით, ცხოველების
მკვლელობის ფოტოების გავრცელება პრობლემად არ მიაჩნიათ თავად
მონადირეებს.
"ვინც ამ ფოტოებს კრიტიკით უყურებს მათ არ იციან სოფლის
ცხოვრება. არ იციან, როგორ შრომით გაზრდილ შინაურ ცხოველს უნადგურებს
მგელი მოსახლეობას. სიბრალულით უყურებენ მტაცელბელბს და მართლა
ზღაპრის გმირების ჰგონიათ. ფოტოების გადაღება აკრძალული არაა და რაც
აკრძალული არაა შესაბამისად ნებადართულია. ასეთი რამ მთელს მსოფლიოში
ხდება და საქართველოში იმდენი მტაცებელია, უფრო ფართომასშტაბიანი
ღონისძიებებიც უნდა ტარდებოდეს," – ამბობს ერთ–ერთ მონადირე ზურაბ
იჩქიტიძე.
ცხოველთა მკვლელობის ფაქტების ამსახველი ფოტოების გავრცელება მორალურ
გადაცდომად მიაჩნიათ საქართველოს ცხოველთა
უფლებადამცველებს.
"ვთქვათ კანონიერად დახოცეს ეს მგლები მონადირებმა, მაგრამ ამის
შემდეგ ამ ფაქტებს როცა იღებ და აქვეყნებ ეს ხომ ამორალურობაა. ეს
სასტიკი ფოტოები მოქმედებს ადამიანებზე, სისასტიკეს აჩვენებს,
ბავშვებს ახალგაზრდებს. რაც ძალადობი წახალისებაც გამოდის.
დაუშვებელია ასეთი ქმედება, რადგან ამგვარი რამეები სხვა ქვეყნებში
კანონით რეგულირდება," – განმარტავს ჩვენთან საუბარში
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადობის ხელმძღვანელი
თეიმურაზ წიქორიძე.
მისივე თქმით, ევროპასა და ამერიკაში ასეთი სისასტიკის შემცველი
ფოტომასალის გამოქვეყნება იკრძალება. საქართველოში კი მსგავსი კანონი
არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები