მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებას 2019 წლის
პირველი იანვრიდან ვერ ასწრებს.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 21 ივლისს
მიიღო, როგორც ირკვევა, კანონის ამოქმედებამდე დათქმულ ვადაში
ინსპექტორის სამსახურისთვის ვერც ადამიანური და ვერც
მატერიალურ–ტექნიკური რესურსის მომზადება ვერ მოხერხდა. მთავრობამ
ვერც საჭირო თანხის მობილიზება შეძლო.
კანონის ექვსი თვით გადავადების შესახებ კანონპროექტი,
პარლამენტმა პირველი მოსმენით 22 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე
განიხილა.
"იმისთვის, რომ ეს სამსახური ამოქმედდეს, უნდა მოხდეს ძალიან
კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი გადამზადება და ეფექტური
გამოიების წარმართვა. დღეის მდგომარეობით ასეთი საშტატო ერთეული არ
არსებობს. სამწუხაროა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ეს ვერ შეძლეს.
იმისთვის, რომ აღნიშნული სამსახურის ამოქმედება კითხვის ნიშნის
ქვეშ არ დადგეს და ის შრომა, რაც იქნა გაწეული, წყალში არ ჩაიყაროს,
საჭირო გახდა ვადის ექვსი თვით გადაწევა",–განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, ანრი იონათაშვილმა.
კანონის გადავადების გამო დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უკამყოფილება
გამოთქვეს და მთავრობა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ პარლამენტს ამის
შესახებ დაგვიანებით ეცნობა.
"ამას არ უნდა ვიგებდეთ ორი კვირით ადრე და ის ადამიანები, რომლებიც
პასუხისმგებელი არიან ამაზე, ახლა აქ უნდა იყვნენ და უნდა სცემდნენ
კითხვებზე პასუხს, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ კანონის
ამოქმედებას"–განაცხადა ნინო გოგუაძემ.
თამარ ხულორდავას თქმით კი, ის ფაქტი, რომ კანონის გადავადების
შესახებ პარლამენტი დაგვიანებით იგებს, საკანონმდებლო ორგანოს
აკნინებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო
იქნება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს
გამოიძიებს.
მასალის გამოყენების პირობები