საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით,
საქართველო დაბალი გადასახადების მიხედვით მსოფლიო რეიტინგებში მესამე
ადგილზეა.
ფინანსთა მინისტრმა განცხადება ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს ისაუბრა.
"საქართველო გადასახადების სიმცირით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ეს
არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
ბოლო წლების განმავლობაში",–განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრმა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაზეც ისაუბრა. მისი
თქმით, ბიზნესექტორის განვითარების მიუხედავად, ეს ფაქტი უმუშევრობის
მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას არ იძლევა.
"ბოლო წლებში ბიზნესექტორში დასაქმებულთა რიცხვი საშუალოდ 40 000–ით
იზრდება, თუმცა, ეს მაინც არ იძლევა საშუალებას ქვეყანაში
მნიშვნელოვნად შევამციროთ უმუშევრობის მაჩვენებელი, ამიტომ მიგვაჩნია,
რომ აუცილებელია ჩვენი ფინანსები მივმართოთ ადამიანური კაპიტალის
განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის
ხელშეწყობისთვის",–განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვები
დაუსვეს.
დეპუტატებს ძირითადად შეკითხვები ჰქონდათ იმაზე, თუ რამდენად აისახება
2019 წლის ბიუჯეტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ოპოზიციამ
ხელისუფლება 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების გამო
გააკრიტიკა. მთავრობამ დღეს შენიშვნა უმრავლესობისგანაც მიიღო.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ბიუჯეტის წარდგენას მთავრობა სრული
შემადგენლობით უნდა ესწრებოდეს და ისინი შესაბამისი მიმართულებით
დასმულ შეკითხვებს უნდა პასუხობდნენ.
დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები