თბილისში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად 19 წლის
ქუთაისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მან, ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის
ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. სამი ახალგაზრდიდან ორი ამ დრომდე
კომატოზურ მდგომარეობაშია.
"ქუთაისელმა ბიჭმა კომატოზურ მდგომარეობას თავი ვერ დააღწია, ის უკვე
სახლში ჩამოასვენეს," - ამბობენ ქუთაისში, გარდაცვლილი ახალგაზრდა
ბიჭის მეზობლები.
ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებების ინტერნეტით უპრობლემოდ
რეალიზაციაზე საუბრობენ ორგანიზაცია თეთრი ხმაურის წარმომადგენლები.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას სთხოვენ და
ქალაქში ახალი „მკვლელი ნარკოტიკის" შემოტანაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება, რომლიც MDMA-ის სახელით
ქალაქში იყიდება, რეალურად სხვა ნივთიერებაა და მისი მოხმარების
შედეგად, 3 ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ქვეყანაში ბოლო დროს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების
უპრეცედენტო ზრდაზე საუბრობენ ნარკოლოგები. თუმცა, ნარკოდანაშაულის
მიმართ მკაცრი კანონმდებლობის გამო, დაზარალებულები კლინიკას ან
საერთოდ არ მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ინტოქსიკაციის მიზეზს არ
ამხელენ.
პრობლემაა, სპეციალისტების თქმით, ისიც, რომ პრეპარატები, რომლიც
ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დროს აუცილებელია, ურეცეპტო
მედიკამენტების სიაში აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი
„ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი
„სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და
500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები.
მასალის გამოყენების პირობები