პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც,
პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, ქუთაისის არც
ერთმა მაჟორიტარმა მხარი არ დაუჭირა.
დეპუტატების პოზიცია დღეს კობა ნარჩემაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით,
ეს გადაწყვეტილება ქუთაისელების სურვილს არ ემთხვევა და ამაში იგი,
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების
დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
"მე არ შემიძლია დავეთანხმო იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის
ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი
პოზიცია მნიშვნელოვნად აცდეს ჩემი ამომრჩევლების პოზიციას და ხალხის
სურვილს. მითუმეტეს, ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობისას მე
დავრწმუნდი, რომ ქუთაისელი ამომრჩეველის სურვილია პარლამენტის
ქუთაისში დარჩენა. ამ შემთხვევაში გამოვხატავ სამივე დეპუტატის
პოზიციას. შეუძლებლად მიმაჩნია მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან კარგ
პროექტს ამ ერთი მიზეზის გამო, რადგან კვლავ მიგვაჩნია, რომ
პარლამენტის ადგილმდებარეობად უნდა განსაზღვრულიყო როგორც თბილისი,
ასევე, ქუთაისი და ამით არ დაზარალდებოდა საპარლამენტო საქმიანობის
ეფექტურობა. ის კი, რასაც ითხოვს ქუთაისელი ამომრჩეველი, ყოფილიყო
დაკმაყოფილებული",–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
დეპუტატებმა დღეს პარლამნერის რეგლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს.
ერთ–ერთი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის ფუნქციონირების ადგილად
თბილისი განისაზღვრა.
დღესვე, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა,
რომ 2019 წლის იანვრის პირველი სესია დედაქალაქში
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები