ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 14 საჩივარია
შესული. განცხადებები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ორი საჩივარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შედგენილია.
მათგან ერთი ეხება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველის მისვლამდე მისი
მამის მიერ გრაფაში აღმოჩენილ ხელმოწერას, ხოლო მეორე
დამკვირვებლისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
ორი საჩივარი შეადგინეს "სამართლიანმა არჩევნების" დამკვირვებლებმა.
#93–ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრი
ფურცელზე ინიშნავდა უბანზე მისული ამომრჩევლების ვინაობას. #72–ე
საარჩევნო უბანზე კი კომისიის მდივანმა, გადასატანი ყუთის სიაში
ამომრჩევლის პირადი ნომერი შეცდომით მიუთითა. ვინაიდან არასწორად
მხოლოდ ორი რიცხვი ეწერა, კომისიის თავდმჯდომარემ ამომრჩეველს
არჩევანის გაკეთების ნება დართო. ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ
გაირკვა, რომ ამომრჩეველს ხმა არ მიაცემინეს, რითიც მისი არჩევანის
უფლება დაირღვა. კომისიის წევრებმა მიზეზად მათი თანმხლები
დამკვირვებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელეს.
პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა რამდენიმე
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. მათი უმეტესობა მარკირების პროცედურისა
და კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები