შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროკურატურამ ხარაგაულში
პოლიციელების მხრიდან მოქალაქების მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობისა
და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს ფიზიკურ ძალადობასა და
სიტყვიერ შეურაცხყოფაში ორი მოქალაქე
ადანაშაულებს.
მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გზაზე
ავტომობილით გადაადგილებისას სავალ ნაწილზე პოლიციის გაჩერებული
მანქანა დახვდათ. მოქალაქეების თქმით, პოლიციელს სავალი ნაწილის
გათავისუფლება სთხოვეს, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და
სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობენ,
მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის
განყოფილებაში გაგრძელდა.
შსს-ს განცხადებით, კი ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვებში მცხოვრები
გელა კვინიკაძე, თანხმლებ პირთან ერთად, საკუთარი ავტომანქანით,
მოძრაობის წესებს დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ისინი
გადამოწმების მიზნით შეაჩერა და ალკოტესტით გადამოწმების შედეგად
ორივე მათგანს ალკოჰოლით თრობის ფაქტი დაუდგინდა
.
"შემოწმების შემდეგ ისინი პოლიციის თანამშრომლების მიმართ გახდნენ
აგრესიულები და დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადეს, ამასთან
პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და არ დაემორჩილნენ მათ
კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა და 6 თვით აეკრძალა
ავტოტრანსპორტის მართვის უფლება. პროკურატურამ ხარაგაულში მომხდარი
შემთხვევის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო" - აცხადებენ შინაგან
საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები