ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე
ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა, თავი მოიკლა.
პატიმარმა, საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის
გამოყენებით, თავი მას შემდეგ მოიკლა, როდესაც დაურეკეს და დედის
გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მანამდე მან წერილი დატოვა, სადაც
თვითმკველობაზე საუბრობს. გარდაცვლილი გვიან ღამით ბათუმში, საკუთარ
სახლში გადაასვენეს.
25 წლის ემილ ხოფერიას ოჯახი ციხის ადმინისტრაციას პატიმრის
თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების
თქმით, ციხის ადმინისტრაციას დედის გარდაცვალების შემდეგ,
პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ.
ემილ ხოფერია ქუთაისის ციხეში სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა, მას
სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.
გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერი "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს,
რომ არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს
თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.
"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი
კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა,
ქართული არ იცოდა,"-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ
ხოფერია.
პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული სატელეფონო
ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია
სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.
"თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება,
რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა,
დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და
გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა
დაკითხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ემილ ხოფერია სასჯელს 2015 წლიდან იხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები