"Wizz Air"-ი უარყოფს გავრცელებულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ
12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა - ქუთაისი )
თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
"ზოგიერთი მგზავრი გამგზავრებისას აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა,
ზოგიერთმა მგზავრმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის
მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის
პროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე,
რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა
და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე.
"Wizz Air"–ი ყველა მგზავრს თხოვს,
გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ ორი საათით ადრე,
ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე,"
- აცხადებენ ავიაკომპანიაში.
მგზავრები, რომლებმაც Wizz Air-ის მილანი-ქუთაისის რეისით გამოფრენა
ვერ შეძლეს, ამ დროისთვის მალპენზას აეროპორტში იმყოფებიან.
მომხდარის შესახებ ქუთაისიპოსტს ერთ-ერთი მგზავრმა
აცნობა, რომელმაც, მეგობრებთან ერთად, რეისზე მოხვედრა და
გამოფრენა შეძლო.
"რეგისტრაცია დროულად დაიწყო. ორ რიგად ხდებოდა გასვლა. თუმცა ერთი
რეგისტრატორი ძალიან ნელა მუშაობდა. არ ვიცით რატო. ბევრი ხალხი
მოგროვდა. ჩასხდომას 8 წუთი აკლდა, კონტროლის გავლა რომ დავიწყე.
შემდეგ სირბილით მივედით გასასვლეთან. ერთი წუთი რომ დაგგვიანებოდა,
ავტობუსს ვერ მივუსწრებდით და ჩვენც აეროპორტში დაგვტოვებდნენ. არ
ვიცით რა მოხდა. მიზეზი არავის უთქვამს. 17:44 საათზე უნდა
გამოფრენილიყო და 40 წუთის დაგვიანებით გამოვფრინდით. ცარიელი
ადგილები იყო თვითმფრინავში. 30 მგზავრი აეროპორტში დარჩა. ალბათ
ვეღარ მოუსწრეს," - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი გიორგი გეგეშიძე.
მასალის გამოყენების პირობები