ახალი ამბები
NGO-ები: მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები", საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

წარსული გამოცდილებით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს ინფორმაციით, იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები 30-მდე ადამიანთან ერთად შეცვივდნენ მათს ოფისში და თავს დაესხნენ ამ გაერთიანების წევრებს. შედეგად, "ძალა ერთობაშია"-ს 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. წინა დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბოს მოსაზრება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ძალდატანების, მოსყიდვის და ნებისმიერი სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე.

ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი განცხადებებით არ გამოიწვიონ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობისა და შიშის გარემოს განცდა. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ძალადობისგან დაიცვას თითოეული მოქალაქე, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ინსტიტუცია, და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა.

ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას. ამდენად, არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას", – ნათქვამია  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.