ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე 55
წლის მამაკაცი დაიღუპა.
კობა მაღრაძე, რომელიც ავტომანქანის მძღოლი იყო, სამშენებლო
ნარჩენებით დატვირთული მანქანით თავდაღმართში მოძრაობისას მეორე
სატვირთოს შეეჯახა.
როგორც "ახალგაზრდა რკინიგზელების პროფკავშირებში" აცხადებენ,
ავტომანქანები, რომლებიც მშენებლობაზე გამოიყენება, ტექნიკურად
გაუმართავია და მსგავსი ტრაგედია მოსალოდნელი იყო.
"ჩვენ რამდნეიმე თვის წინ ვიყავით ადგილზე და თავად დავათვალიერეთ ის
ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება იქ სამშენებლო ნარჩენების
გასატანად. ყველა ავტომანქანა მწყობრიდან იყო გამოსული, არც
ერთზე მუხრუჭი არ მუშაობდა და ასეთი ტექნიკით იქ არანაირი
სამუშაოს შესრულება არ შეიძლებოდა. ჩვენი შეფასება მაშინ იყო
უარყოფითი, მაგრამ როგორც ჩანს კომპანიამ არ გაითვალისწინა
ჩვენი რეკომენდაციები", – ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარის
მაოდგილე, ილია ლეჟავა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სქმე
არასწორად აღძრა და მას გამოძიება უნდა დაეწყო არა 276–ე
მუხლით, არამედ, საქმე უნდა აღეძრა საწარმოო
შემთხვევაზე.
"ეს არის სამუშაო ტრავმა, არავითარი ავარია არ მომხდარა", – ამბობს
ილია ლეჟავა.
რკინიგზის მშენებლობაზე ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით
სამშენებლო ნარჩენების გატანაზე საუბრობს რკინიგზის მშენებელი
კომპანია "ჩინეთის 23–ე ბიუროს" თანამშრომელი. თემურ მაღლაკელიძე,
რომელიც ხიდების მშენებლობაზეა დასაქმებული, ამბობს, რომ მუშები
თავადაც არიან ინფორმირებული, რომ ავტომანქანები, რომლითაც უნდა
გადაადგილდნენ, გაუმართავია.
"რად უნდა ამას ცოდნა, ერთი შეხედვით ეტყობა ყველა ავტომანქანას, რომ
ძველია. ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე არ არის
დაცული. არავინ კონტროლს არ უწევს რა ხდება იქ. სანამ ვინმე არ
დაიღუპება, მანამდე არავინ ახდენს რეაგირებას", - ამბობს თემურ
მაღლაკელიძე.
ზვარეში ახალი რკინიგზის ხაზის სამუშაოებს სს ,,საქართველოს
რკინიგზის" დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო"
ახორციელებს. მათთან დაკავშირება ამ დრომდე შეუძლებელია.
შსს–ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლით
დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარი ავარიაა და ერთმანეთს ორი
ავტომანქანა შეეჯახა.
მასალის გამოყენების პირობები