RICDOG ოფისში პროექტის "პოლიტიკური პარტია" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საიფორმაციო ტიპის შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული 6 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, სამთავრობო-არასამთავრობო, მედია სექტორი და პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდები.
შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტიის "პოლიტიკური პარტია" მიზნებსა და ამოცანებზე, 6 თვიან გეგმებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
"ეს პროექტი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს დაეხმარება თავიანთი პარტიის პროგრამების უკეთ წარმოჩენაში, ამომრჩეველთა ურთიერთობებში, ისწავლიან საარჩევნო პროცესებში თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რაც მთავარია, ეს პროექტი მათ დაეხმარებათ თავიანთ სამომავლო პოლიტიკურ კარიერაში. ასე, რომ ძალიან საინტერესო პროექტია"- ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გურეშიძე.
პროექტის კოორდინატორის გვანცა თოთაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს როგორც პოლიტიკური პარტოების ახალგაზრდულ ფრთებთან, ასევე, ამომრჩევლებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან.
"პროექტი 30 მონაწილეს და მის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მისცემს საშუალებას საარჩევნო სისტემების სწავლებისა და გააზრებისას. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სიმულაციური არჩევნები. არჩევნების გამართვამდე კი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 3 სიმულაციური პარტია, რომლებსაც ექნებათ საკუთარი ლოგო, სლოგანი, დროშა, პროგრამა, მიზანი და ამოცანები. გაიმართება მოსახლეობასთან შეხვედრები, ყრილობები და ბრიფინგები. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მოგვცემს შედეგს - მივიღებთ 30 პრაქტიკული გზით გადამზადებულ ახალგაზრდას, რომლებსაც ექნებთ ის საჭირო უნარ-ჩვევა, რაც აუცილებელია არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურებისა და ამომრჩეველთან მუშაობისთვის"- ამბობს პროექტის კოორდინატორი, გვანცა თოთაძე.
პროექტი "პოლიტიკური პარტია" 6 თვიანია და მისი მიზანია რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა პროექტში ასევე ჩართული იქნებიან 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები, ასევე, ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ. პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.
სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG) პროექტს "პოლიტიკური პარტია" ახორციელებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.
(R)
მასალის გამოყენების პირობები