ქუთაისის მერმა მოიწვია საგანგებო თათბირი, სადაც მან ადგილობრივ
თვითმმართველობაში დასაქმებულ ჩინოსნებს სალომე ზურაბიშვილის
მხარდამჭერთა სიების მოტანა დაავალა.
ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ "ტოპნიუსის" პრესკლუბში
განაცხადა.
"ქუთაისის მერი საჯარო სივრცეში დასაქმებულ ადამიანებს
ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერების მოგროვებას აიძულებს. ინოვაციური ამ
მეთოდში ის არის, რომ რაც უფრო მაღალი ხელფასი აქვს ამა თუ იმ
ჩინოსანს, მით უფრო მეტი მხარდამჭერის სია უნდა წარმოადგინოს ", -
ამბობს სამსონ გუგავა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, რაც სისხლის სამართლებრივი
კანონდარღვევაა და სარჩელს პროკურატურაში შესატანად სსკ-ის 332 მუხლით
ამზადებენ.
ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მერია არის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო და არაა უფლებამოსილი რაიმე სახით ჩაერიოს
წინასაარჩევნო პროცესებში და გამოიყენოს რაიმე სახის რესურსი.
"ყველა თანამშრომელი ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ეს ინფორმაცია არ
შეესაბამება სიმართლეს და ერთ-ერთი პარტიის მხრიდან მორიგი მცდელობაა
დაუსაბუთებლად დაადანაშაულოს მერია არ არსებულ ფაქტში," - განაცხადა
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენადი
კუჭუხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები