სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და ქუთაისის მერობის ყოფილმა
კანდიდატმა, ბესო მიქელთაძემ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.
მიქელთაძემ უკვე დატოვა პარლამენტის ტერიტორია.
მსოფლიო ჩემპიონის თქმით, იგი შეხვდა ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პირობა მისცა, რომ
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის გადატანის საკითხს სამი თვის
განმავლობაში არ განიხილავს.
გარდა ამისა, მისი თქმით, მან დაპირება მიიღო, რომ სანაცვლოდ,
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სრული დატვირთვით იფუნქციონირებს,
რაც მისთვის მისაღებია.
"თუ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამუშავდება სრული დატვირთვით და
უკეთესი შემოთავაზება ექნება ქუთაისისთვის ხელისუფლებას, მაშინ არც
მომავალში გავაგრძელებ პროტესტს. გარდა ამისა, მივიღე დაპირება, რომ
სამი თვე ამ საკითხს არ განიხილავენ", - ამბობს ბესო მიქელთაძე.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა უახლოესი სამი
თვის განმავლობაში ისედაც არ მოხდებოდა. საკანონმდებლო ორგანოს
თბილისში დაბრუნებას ხელისუფლება
2019 წლის იანვრიდან გეგმავს.
მსოფლიო ჩემპიონმა პარლამენტის წინ მშრალი შიმშილობის აქცია
3 ოქტომბერს დაიწყო. მიქელთაძე აცხადებდა, რომ
მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, იგი პროტესტს
მანამდე გააგრძელებდა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ
შეცვლიდა.
მასალის გამოყენების პირობები