ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ, კეთილმოწყობის სამსახურს, რომელმაც
სხდომაზე ქალაქში მიმდინარე სამუშაოების შესრულების ანგარიში
წარადგინა,
დაუსრულებელი და დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ მერიის
მიერ დაანონსებულ პროექტებს სადღეგრძელოები უწოდა და განაცხადა, რომ
რეალური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
"ცხრა თვეზე მეტია ბიუჯეტში დევს ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის
პროექტისთვის თანხა და მერიამ ვერ მოაბა თავი მის განხორციელებას.
კრიტიკას ვერ უძლებს გზების მდგომარეობა ქალაქში. მერიამ აღიარა, რომ
ამ დრომდე მხოლოდ მეორეხარისხოვან გზებს აკეთებდა. ცენტრალური ქუჩები
კი კვლავ მოუწესრიგებელია. ყველა პროექტი, რაც დაანონსეს, საბოლოო
ჯამში აღმოჩნდა სადღეგრძელო, რეალური ნაბიჯები კი არ გადადგმულა", -
განაცხდა გიგა შუშანიამ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა უკვე შესრულებულ სამუშაოებში არსებულ
ხარვეზებზე და ქუთაისის მერიას მოუწოდა შეცვალოს ის ორგანიზაცია,
რომელიც სამუშაოების პროექტირებას ახდენს.
ქალაქის ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა "ევროპული
საქართველოს" დეპუტატმაც. მერაბ მეშველიანის თქმით, დაანონსებული
პროექტების ნაწილი ჩავარდა, ნაწილი კი ჯერ ისევ არ
განხორციელებულა.
"წინსვლა არ არის პრიორიტეტულად დასახელებული ინფრასტრუქტურული
პროექტების თვალსაზრისით. არ განხორციელდა ას საფეხურიანი კიბის
რეაბილიტაცია, რიონისპირა სახლების პროექტი, ჩავარდა ოღასკურის
რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი", - განაცხადა მერაბ
მეშველიანმა.
კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებზე ანგარიში დეპუტატებს წარუდგინა.
სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, პროექტების 60%
შესრულებულია.
"პროექტების 60% შესრულებულია. დასრულდა სამუშაოები 18 საგზაო
ობიექტზე. მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურაში 8 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარეობს სამუშაოები თბილისის ქუჩაზე, ოღასკურის კალაპოტზე, თეთრ
ხიდზე და სხვა მსხვილ პროექტებზე", - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
რაც შეეხება, ოპოზიციის კრიტიკას, ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ
რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს
გადეგზავნა და ფონდის პასუხზეა დამოკიდებული მისი განხორციელება. ას
საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის დაწყება კი იმის გამო ჭანურდება,
რომ კიბეების მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს
ბალანსზეა და მერია მის გადმოცემას ელოდება.
ქუთაისის მერიამ რიონისპირა სახლებისა და ას საფეხურიანი კიბეების
რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაანონსა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება
რიონისპირა სახლები
განახლების მოლოდინში (ვიდეო)
ქუთაისში
რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია
ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები