საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება
იკრძალება.
საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად
აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება,
უკვე 2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის
პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე
რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის
პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი
პარკების კონტროლს სამი უწყება განახორციელებს:
პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პარკების იმპორტისას –
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა
გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი
გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ
შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
პოლიეთილენის და ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების აკრძალვის
მთავარ მიზეზად პარკების ქიმიური შემადგენლობა სახელდებოდა, რომელიც
სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას და რომლის სრულ დაშლას 100 წელიწადზე
მეტი სჭირდება.
2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ,
წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო, მაგალითად,
ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი,
დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები