შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული
კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით
კანაფის კულტივაციისთვის საჭირო ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება.
ასევე, 25 000 ლარი ეღირება ლიცენზიები სამრეწველო მიზნით კანაფის
მოყვანისა და სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის შემცველი
ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტისთვის და კანაფის შემცველი
პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვისაც.
კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა დასაშვები იქნება მხოლოდ
დახურულ შენობა-ნაგებობაში. შენობა კი აღჭურვილი უნდა იყოს
შუქ-ხმოვანი სიგნალებით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეო
მეთვალყურეობით.
პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც
კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს ეხება და მას მთავრობა ექსპორტზე
გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით განიხილავს.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის
გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი
გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული
იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან
საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა
საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ
კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები