დღეიდან იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სახელმწიფო თუ
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ
ღონისძიებაზე
აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად
ჩაითვლება.
სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან შედის ძალაში
შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და
თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს "საარჩევნო
კოდექსით" დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო
პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების
განხორციელება, რომლებიც მანამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო.
ასევე, არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების
(პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების
ზრდა.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება
აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: - საარჩევნო კომისიის წევრისა;
მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის
სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა
და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა
და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც
ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; კომუნიკაციების
ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.
წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დღეიდან - 29 აგვისტოდან
იწყება.
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. 2018 წლის
არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული
სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები