ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ ქალაქის ბიუჯეტში 2 868 400 ლარის
ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.
აღმასრულებლის თქმით, ეს თანხა, რომელიც ქალაქმა რეგიონალური
განვითარების ფონდიდან მიიღო, სრულად მოხმარდება იაშვილის,
ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩების რეაბილიტაციას.
ოპოზიცია კი, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ინფრასტრუქტურული პროექტების
დაფინანსებას წინასაარჩევნო პიარად აფასებს.
"ფაქტიურად დაწყებულია წინასაარჩევნო პერიოდი და სწორედ ამ დროს ხდება
საბიუჯეტო ცვლილებები, რაც არასწორია. მერია ამას აკეთებს
წინასაარჩევნოდ პიარისთვის. გარდა ამისა, ჯერ ის სამუშაოებიც არ აქვთ
დასრულებული, რაც დაიწყეს. შესაბამისად, ამ ცვლილებას მხარს ვერ
დავუჭერთ",-განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა,
ბესიკ ბრეგაძემ.
ოპონენტის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. ნიკოლოზ
ლატარიას თქმით, საარჩევნოდ მმართველ გუნდს ჯერ არც საკუთარი
კანდიდატი ჰყავს და არც მხარდაჭერა გამოუცხადებია ვინმესთვის.
"ჩვენ კანდიდატი არ გვყავს. მეორეც, მიგვაჩნია, რომ
ძალიან კარგი პროექტებია და თუ დამატებით სამი ქუჩა გაკეთდება, ეს
იქნება მისასალმებელი ნებისმიერი ქუთაისელისთვის. ჩვენი გუნდი უახლოეს
მომავალში გამოაცხადებს ვის დაუჭერს მხარს, თუმცა, ეს
პროექტები არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის",- განაცხადა
საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს ოპოზიციამ მერიას ასათიანის, თბილისისა და რუსთაველის
ქუჩებზე გაჭიანურებული სამუშაოებიც
შეახსენა და განაცხდა, რომ ქალაქის ხელისუფლბა
თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება
მაინც დამტკიცდა. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით,
რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხის გადმორიცხვის შემდეგ,
ქალაქის ბიუჯეტმა 66 370 600 ლარი შეადგინა.
მიმიდნარე წელს რგფ-მ ქუთაისს 11 მილიონ ლარამდე უკვე გამოუყო.
მასალის გამოყენების პირობები