"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" მატჩის ტრანსლაციის უფლება "სილქ
უნივერსალს" გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია პირველი არხი, დღეს გავრცელებულ
განცხადებაში, მატჩის ტრანსლაციისთვის მზადყოფნას
გამოთქვამდა და კლუბისგან პასუხს ელოდა, როგორც ირკვევა ევროპა ლიგის
პლეი -ოფის შეხვედრის პირდაპირ ეთერში ნახვას გულშემატკივარი სხვა
ტელეარხის ეთერით შეძლებს.
"ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა ის, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ
ბულგარულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით,
განმეორებითი მატჩიც "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა, კლუბისთვის კი
მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა ორივე მატჩს უყუროს.
შესაბამისად, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი
"ტორპედოსა" და "ლუდოგორეცს" შორის "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა,
რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს",–ნათქვამია კლუბის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია პირველი არხი, 16 აგვისტოს "ტორპედოსა" და ალბანურ
"კუკესს" შორის გამართული მატჩის შესახებ
"ტორპედოს" საყვედურს დღეს გამოეხმაურა.
კლუბის ადმინისტრაცია უკმაყოფილო იყო იმით, რომ ევროპა ლიგის მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე ყველა
ქართულმა კომპანიამ უარი განაცხადა.
პირველი არხის მიერ დღეს გავრცელებულ
განცხადებაში კი ტელეკომპანიამ მომხდარში
"ტორპედოს" ადმინისტრაცია დაადანაშაულა და განმარტა, რომ კლუბმა
სიგნალი კერძო კომპანიას მიჰყიდა, რის გამოც მათ შესაძლებლობა არ
მიეცათ ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სიგნალის გაცვლის
შესახებ მოლაპარაკება ეწარმოებინათ. განცხადებაში საზოგადოებრივი
მაუწყებელი "ტორპედოს" მიერ ტრანსლაციის უფლების კომერციული
მიზნებისთვის გამოყენებაზეც მიუთითებდა და კლუბისგან "ლუდოგორეცთან"
მატჩის ტრანსლაციის უფლების გადაცემაზე თანხმობას ელოდა.
"ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ
შემთხვევაში, თუ "ტორპედო" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად
კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების
გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია",- წერდა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპა ლიგის
პლეი–ოფში ქუთაისის "ტორპედოსა" და ბულგარეთის
"ლუდოგორეცს" შორის შეხვედრა 23 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე
ჩატარდება.
ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ქუთაისური კლუბი მატჩს საკუთარ
მოედანზე კვლავ ვერ მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები