ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტის განვითარების გეგმაზე რამდენიმე
მიმართულებით მუშაობს.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი ცხვედიანი
ამბობს, რომ ვიდრე კერძო სატრანსპორტო კომპანიებს ხელშეკრულების ვადა
ამოეწურებათ, მერიამ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს.
"ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ის დროს, რაც გვაქვს ნებართვების ვადის
გასვლამდე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ
როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ჯერჯერობით არ არსებობს. ზუსტად რაც
ვიცით არის ის, რომ ქალაქს სჭირდება მოწესრიგებული, სუფთა და უსაფრთხო
ტრანსპორტი",-ამბობს ირაკლი ცხვედიანი.
კონკრეტულად რა გათვლები აქვს მერიას, ამაზე განყოფილების უფროსი არ
საუბრობს. მისი თქმით, დაპირება რომ ტყუილი არ აღმოჩნდეს, უმჯობესია
ხელისუფლებამ ამაზე მაშინ ისაუბროს, როცა საბოლოო ვარიანტი
შემუშავებული იქნება.
"რომ არ მოხდეს ტყუილი დაპირების გაცემა, გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც
გვაქვს გეგმის შესამუშავებლად. მანამდე ვერ ვისაუბრებ
დეტალებზე",-ამბობს ირაკლი ცხვედიანი.
ცხვედიანი არც იმას აკონკრეტებს, როგორ ხედავს ქალქის ხელისუფლება
სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას - მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანით, თუ კერძო სექტორის მიერ ხარისხის გაუმჯობესებით.
იმას, რაზეც განყოფილების უფროსი არ საუბრობს, ამბობს ამავე
განყოფილების სპეციალისტი. დავით კბილაშვილი, რომელიც გეგმის სამუშაო
ვერსიის ერთ-ერთი ავტორია, მიიჩნევს, რომ ხარისხიანი სატრანსპორტო
მომსახურების მიღწევის ერთადერთი გზა მუნიციპალური ტრანსპორტია და
მერიას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმაც აქვს.
დავით კბილაშვილმა ქუთაისიპოსტთან ისაუბრა
100 ახალი ავტობუსის შესაძლო შემოყვანაზე,
რომელიც მერიას დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი დაუჯდება. გეგმის
განხორციელების შემთხვევაში, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კერძო
სატრანსპორტო კომპანიებს ხაზებზე მიღებული ნებართვების მოქმედების
ვადა ამოეწურებათ.
მისივე თქმით, მერია მხოლოდ საავტობუსო ხაზებზე შეძლებს
პასუხისმგებლობის აღებას, რადგან მთელი სატრანსპორტო ქსელის შეცვლა
დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
მანამდე საქალაქო ტრანსპორტის პოლიტიკაზე იმსჯელეს საკრებულოს
დეპუტატებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" სხდომაზე,
ფრაქციის წევრებს სატრანსპორტო გეგმა თავად დავით კბილაშვილმა
გააცნო.
მერიამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კონკრეტული
გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 10 საავტობუსო და 34
მიკროსაავტობუსო ხაზია, რომლებზეც ნებართვას 19 კერძო კომპანია
ფლობს.
ყველა საავტობუსო ხაზზე ნებართვის მოქმედების ვადა 2019 წლის ზაფხულში
მთავრდება. ის კომპანიები კი, რომლებსაც ვადა 2020 წლამდე აქვთ,
მიკროსაავტობუსო ხაზებს ფლობენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
მერია 100 ავტობუსის შემოყვანას გეგმავს - კერძო კომპანიებს შესაძლოა
ხაზები ჩამოერთვას
უცვლელი ბიზნესწილები
და სატრანსპორტო მონოპოლია ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები