ახალი ამბები
ლენტეხში შიმშილობის აქცია შეწყდა
FaceBook
ლენტეხში ადგილობრივებმა, რომლებიც ხელედულა ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს.
ექსვსდღიანი პროტესტის შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც შიმშილობის დროებით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ახლა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ჩიქოვანთან მორიგ შეხვედრას ელოდებიან, რომელიც ორშაბათს უნდა შედგეს. ამის შემდეგ გაირკვევა გაგრძელდება თუ არა შიმშილობა. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ადგილობრივთა თქმით, ის მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

27 ივლისს მინისტრის მოადგილესა და ლენტეხის მცხოვრებლების შეხვედრა უშდეგოდ დასრულდა, გიორგი ჩიქოვანმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან ტექნიკას არ გაიყვანს.

"ორშაბათს ისევ ჩამოვა მინისტრის მოადგილე, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. მან პირდაპირ გვითხრა ტექნიკა არ გავაო. არც ჩვენი ვაპირებთ მთავარი მოთხოვნების შეცვლას. ეს არის ჰესის მშენებლობის შეჩერება და ტექნიკის გაყვანა. ორშაბათს გვექნება ახლი საქმოქმედო გეგმა და აქციებიც განახლდება",-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელდინო ლიპარტელიანი. მისი თქმით, აქციაზე გუშინ ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.

"მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დროს აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და პოლიცია შეეცადა გზის გახსნას. ამ დროს ჩემი და დაეცა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო. საავადმყოფოში გადის ახლა მკურნალობის კურსს",- ამბობს ელდინო ლიპარტელიანი.

ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივებმა პროტესტი 22 ივლისს დაიწყეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.


ამავე თემაზე:


ლენტეხში მოშიმშილეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მოთხოვნებს წაუყენებენ

ლენტეხში აქციის სამმა მონაწილემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მეოთხე დღე ლენტეხში - აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.